ნოდარ ჯავახიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ნოდარ ჯავახიშვილმა ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იანოშ ჰერმანს აქამდე გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ საბიუჯეტო დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მხარდასაჭერად გამოუყოფს. საქმე ეხება 30 მილიონ ევროს, საიდანაც 8 მლნ ევროს, პირველი ტრანშის სახით, საქართველო 2015 წელს მიიღებს.
აღნიშნული პროგრამის მიზანია რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და უთანაბრობის შემცირება. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიანი და დეპრესიული რეგიონების განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების შეთანმხებული და კოორდინირებული მუშაობა, რათა მოხდეს გამოწვევებთან ეფექტური გამკლავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები