ბიზნესმენი არჩილ ვეკუა შვეიცარიის ელჩს მოუწოდებს, რომ სასამართლოზე ზეწოლისგან თავი შეიკავოს

ბიზნესმენი არჩილ ვეკუა შვეიცარიის ელჩს გიუნტერ ბეხლერს მოუწოდებს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე ზეწოლისგან თავი შეიკავოს. ვეკუას ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განმარტებით, გუნტერ ბეხლერის განცხადება რეგიონებში სასამართლო სისტემაში არსებულ შესაძლო კორუფციასთან, უკანონო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ბიზნესმენ არჩილ ვეკუასა და მის ყოფილ ბიზნესპარტნიორ ალი რიზა კიზილდაგს შორის არსებულ სასამართლო დავას უკავშირდება. მისი განმარტებით, აღნიშნული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.
“2015 წლის 2 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არჩილ ვეკუა გაამართლა. სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია შვიცარიის ელჩის გააქტიურება. ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოვუწოდეთ შევიცარიის საელჩოს, თავი შეეკავებინა ამ საქმეში ჩარევისგან. ალი რიზა კიზილგადი არის შვეიცარიის რეზიდენტი და პირადად იცნობს გიუნტერ ბეხლერს, მასთან კარგი ურთიერთობები აქვს. სასამართლო განხილვები ახალი დაწყებული იყო, როდესაც შვეიცარიის საელჩოს მდივანი ფლორან დუბლერი სასამართლო პროცესებს ესწრებოდა, მეტიც თავად ალი რიზა კიზილდაგი გადაადგილდებოდა და სასამართლოში მოდიოდა შვეიცარიის საელჩოს კუთვნილი ავტომობილით”, – განაცხადა გიგუაშვილმა.
ამასთან, გიგუაშვილის განმარტებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და შვეიცარიის ელჩის “სრულიად დაუსაბუთებელი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა სააპელაციო სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რათა არჩილ ვეკუას მიმართ დამდგარი გამამართლებელი განაჩენი შეიცვალოს.
“შვეიცარიის ელჩმა თავისი უაპელაციო და ცალმხრივი განცხადებებით ჩრდილი მიაყენა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, არჩილ ვეკუას, შელახა მისი საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება, ამიტომაც ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბატონი გიუნტერ ბეხლერი სათანადო განმარტებებს არ გააკეთებს, მივმართოთ შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გავუგზავნოთ ნოტა შვეიცარიის პრეზიდენტს გიუნტერ ბეხლერის ქმედებებთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებთ, რომ გიუნტერ ბეხლერი ალი რიზა კიზილდაგის მიერ არის არასრულყოფილად ინფორმირებული”, – განაცხადა გიგუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები