ბელორუსიის ტელეკომპანიამ საქართველოზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა (ვიდეო)

ბელორუსიის სამთავრობო ტელეკომპანია „Столичное телевидение“-მ 25 აპრილს საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი აჩვენა.
პროგრამის წამყვანი იური კოზიატკო: გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენა იყო პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში. პირველად დამოუკიდებელი ბელორუსიის ისტორიაში სახელმწიფოს მეთაური თბილისს ეწვია და საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ელიტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ხელმოწერილი შეთანხმებები იმედს გვაძლევს, რომ უახლოეს ხანში საქართველოსა და ბელორუსიას შორის ვაჭრობის მოცულობა სწრაფად გაიზრდება. ეკონომიკა – უპირველეს ყოვლისა! მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ქართულ-რუსული ურთიერთობების „გალღობა”, რომელიც საფუძვლიანად გაუარესდა 2008 წლის ცხელი აგვისტოს შემდეგ. ამ სიტუაციაში ოფიციალურ მინსკს შეუძლია, თუ შუამავლის არა, მშვიდობისმყოფლის როლი მაინც შეასრულოს: მას ხომ ორივე ენდობა – თბილისიც და მოსკოვიც! ამას დავუმატოთ ბოლო დროს ბელორუსიის რეპუტაციის განმტკიცებაც, რომელიც აშკარად დადებით როლს შეასრულებს. საქართველოს პრეზიდენტმა ტყუილად ხომ არ განაცხადა, რომ „მინსკი – ეს ის ადგილია, სადაც ბევრი პროცესის ბედი მშვიდობიანად წყდება”. ოლღა პეტრაშევსკაია თბილისელებს ქალაქურ ცხოვრებაზე ესაუბრება, სხვადასხვა უბნების და ქუჩების ისტორიაზე, ადგილობრივ კოლორიტზე, „იტალიური ეზოების” გულღიაობაზე, ახალ წესებსა და ტრადიციებზე.
ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართელო კორუმპირებული ქვეყნის სახელით სარგებლობდა, მექრთამეობა სახელმწიფო სტრუქტურების უმეტესი ნაწილის თანამშრომლებს სულსა და ხორცში ჰქონდათ გამჯდარი. სასაცილო სიტუაცია იყო: საგზაო ინსპექციაში რომ მუშაობა დაგეწყო, ქართამი უნდა მიგეცა, შემდეგ კი ქრთამის სახით დახარჯულ ფულს მძღოლებისაგან იღებდნენ. მაგრამ ხელისუფლებაში ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: პოლიციელებს ხელფასები მოუმატეს, რათა ქრთამის აღების რისკი გამქრალიყო, სახანძრო დაცვა და სანეპიდსადგურები კი საერთოდ გააუქმეს. ყველაზე მეტი ცვლილება კი ადმინისტრაციულ შენობებს შეეხო: პოლიციის რაიონული ოფისები სრულიად გამჭვირვალე გახდა, ასევე იუსტიციის სახლები, რაც მოსახლეობაში პოზიტიურ შთაბეჭდილებას იწვევდა”, – ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში.
ავტორი ვრცლად ეხება და აღწერს მცხეთის – საქართველოს ძველი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს, სიღნაღის თვალწარმტაც სილამაზეს, ბათუმის ხედებს… ესაუბრება ადგილობრიც მცხოვრებლებს, მეწარმეებს, სასტუმროების მფლობელებს.. ვიდეოსიუჟეტში ვრცელი ადგილი აქვს დათმობილი ალექსანდრე ლუკაშენკოსა და გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ბელორუსიის პრეზიდენტის შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. დასასრულს ფილმის ავტორი დასკვნას აკეთებს: „საქართველო და ქართველი ხალხი გულღიაობის და გულწრფელობის განსახიერებაა. ჩვენ იმდენად ხშირად გვესმის კავკასიური ეროვნების პირების შესახებ, თანაც მხოლოდ ნეგატიური აზრით, რომ გვიფიქრია – მართლაც ასე ცუდები არიან ისინი? ჩვენ მტკიცედ შეგვიძლია ვთქვათ: ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვიყავით საქართველოში და არცერთ ადამიანს უარი არ უთქვამს ჩვენს გულწრფელ მიპატიჟებაზე, იმის მიუხედავად, რომ პირველად გვხედავდნენ და არ გვიცნობდნენ. თითქოსდა, ჩვენს შორის ორიათასნახევარი კილომეტრი არც არსებობდეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები