ინდოეთში საქართველოს ელჩი ლევან ნიჟარაძე დღეს ნეპალში ჩავა

ინდოეთში საქართველოს ელჩი ლევან ნიჟარაძე დღეს ნეპალში ჩავა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ლევან ნიჟარაძე ადგილზე დეტალურად გაეცნობა ვითარებას და ნეპალში ქართველების მდგომარეობის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს.
ამასთან, როგორც კერესელიძე აცხადებს, ნეპალში მყოფ ქართველებს სჭირდებათ დახმარება და ამიტომ, საგარეო საქმეთა სამინიტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათ დახმარება აღმოუჩინოს და სტიქიის ზონიდან გამოიყვანოს.
„ქართველი ხალხის, ხელისუფლების და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო ნეპალელ ხალხს იმ ტრაგედიის გამო, რაც იქ დატრიალდა. ჩვენი ინფორმაციით, იქ იმყოფება ქართველების ჯგუფი, რომლებიც ტურისტული მიზნებით არიან წასულნი. დღეს ინდოეთში საქართველოს ელჩი, რომელიც ასევე ფარავს ნეპალს, ჩავა ადგილზე და უფრო დეტალურად გაეცნობა, თუ რამდენი ადამიანია იქ დარჩენილი. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს რაიმე საფრთხე ემუქრებათ. რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ დახმარება, რომ გავარიდოთ სტიქიის ზონას. ჩვენ ასევე გვაქვს კავშირი ზოგიერთ მათგანთან. ასევე, ნეპალში არის გაერო-ს ოფისი, სადაც 2 ქართველი მუშაობს და მათთანაც გვაქვს კონტაქტი დამყარებული. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ჰიმალაიში ზვავები და მრავალსართულიანი შენობების ნგრევა გამოიწვია. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. მიწისძვრა ინდოეთის და ნეპალის ტერიტორიაზე 26 აპრილსაც განმეორდა. მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით, 3218 ადამიანია გარდაცვლილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები