სოსო ცისკარიშვილი: ლუკაშენკო პუტინის ფოსტალიონი არ არის

რამდენიმე დღის წის საქართველოს ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. “კვირის პალიტრასთან” საუბარში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ლუკაშენკო პუტინის ფოსტალიონია.

– ბრძანებთ, რომ ამ ეტაპზე ლუკაშენკოს სჭირდება საქართველო სწორედ დასავლეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, თუმცა, მის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ეს უფრო რუსეთის ინტერესებს ემსახურება…

– სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ უკავშირებენ ლუკაშენკოს მაინცდამაინც პუტინს და ამბობენ, რომ მან პუტინის გზავნილები ჩამოიტანა?

– როგორც ვიცი, ლუკაშენკო პუტინის ფოსტალიონი არ არის, რაც კარგად ჩანს ხოლმე მინსკის შეხვედრებზე, სადაც რუსულ-უკრაინული კონფლიქტი განიხილება…

– ვფიქრობ, უახლოეს ხანებში ჩვენ ვიპოვით პასუხს ერთ კითხვაზე: რა ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ დავაახლოოთ სახელმწიფოების პოზიცია და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ეს ერთ დროს იყო. ქართველ, ბელორუს და რუს ხალხებს შორის არ არის წინააღმდეგობა. არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე და ამის დაძლევა შეიძლება, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

– მაშ, როგორ უნდა აიხსნას მისი ეს განცხადება და “რუსი ხალხისა” და “ერთი ოჯახის” ხსენება?

– ჯერ უნდა გითხრათ, რომ ლუკაშენკოს ადვოკატად ვერ გამოვდგები, რადგან ამისთვის მეტად სუბიექტური მიზეზი მაქვს. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ლუკაშენკო მე დივერსანტად მომიხსენიებდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2005 წელს ბელორუსიის “ინტელიგენციის რადის” მე-5 კონგრესს დავესწარი. ღონისძიება ჩატარდა ხელისუფლებისგან მალულად, სადღაც ტყეში, რომელსაც ომონმა მაინც მიაგნო და დაარბია, თუმცა, მე მანამდე გამიყვანეს იქიდან. მეორე დღეს ლუკაშენკომ განაცხადა, საქართველოდან დივერსანტები შემოიპარნენ, ამიტომ უვიზო რეჟიმი ამ ქვეყანასთან უნდა გავაუქმოო… ახლა რაც შეეხება თქვენ მიერ მოყვანილ ფრაზას. მე მასში უფრო ამგვარი კონტექსტი წავიკითხე: რომ რუსეთს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს და პოლიტიკურ გაუგებრობას ქმნის, თუმცა, ვიღაც ამას, ალბათ, მიიჩნევს რუსეთის ინტერესების გამომხატველ განცხადებად. რაც შეეხება ოჯახისა და თანაცხოვრების ხსენებას, შესაძლოა, ლუკაშენკოს მართლმადიდებლური სივრცეც ჰქონდა მხედველობაში; შესაძლოა, სიმბოლურად ახსენა ოჯახი. უბრალოდ, საბჭოთა კავშირის გამოცდილება ამგვარ ნათქვამს უარყოფით კონტექსტს ანიჭებს…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები