ბიძინა ივანიშვილი: სახიფათოა არა ონიანის, ფირცხალავას, უტიაშვილის ორგანიზაციები, არამედ გიგაურის, კოჟორიძის

ხალხი, ვინც სახე დაკარგა პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ცდილობს განწმენდას, ნაკლებად სახიფათოა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “კვირის 20/30”-ში საქართველოში არასამთავრობო სექტორის როლსა და ქვეყანაში მათ ფუნქციონირებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, მას არ აინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ან საიას ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, არამედ აინტერესებს ის, თუ რას აკეთბენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

“ეს ხალხი, ვინც სახე დაკარგა პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ცდილობს განწმენდას, ნაკლებ სახიფათოა. როდესაც სახელდებიან ონიანი, ფირცხალავა, უტიაშვილი ან ახალაიას მეუღლე, რომელიც ძალიან აქტიურობს, ეს ნაკლებ სახიფათოა ამ სფეროსთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ისინი ობიექტურობაზეც კი ვერ შეგეკამათებიან, იმიტომ, რომ ისინი პროპაგანდას ეწევიან “ნაციონალური მოძრაობის”.
მე მინდა გავაგრძელო და ძალიან წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციები დავასახელო, საია გინდათ ეს, თუ გამჭვირვალობა და ა.შ. სახიფათოა არა ონიანი, ფირცხალავა და უტიაშვილი, რომლებიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, ვინ არიან, სახიფათოა, როდესაც ასეთი წარმატებული ორგანიზაციები და მათი მეთაურები – გიგაური, კოჟორიძე. მათზე პრეტენზიები არა იმიტომ დამჭირდა, რომ მე გიგაური ან კოჟორიძე მაინტერესებს, არამედ საინტერესოა მათი ორგანიზაციები. ამიტომ მათ ობიექტურობაზე არ უნდა გაჩნდეს ეჭვი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ზოგჯერ თუ ხშირად თანხვედრაში მოდიან “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციასთან, სიცრუის მანქანასთან.
“გავიხსენოთ წამების ცნობილი კადრები, ადამიანის პირად ცხოვრებაზე გადაღებული, რაზეც ჟურნალისტები დაპატიჟეს. სწორედ ამ პირებმა – გიგაურმა, კოჟორიძემ და ლომჯარიამ, რომელზეც მე ნაკლებ აქცენტს ვაკეთებ, რადგან მისთვის უფრო მეტი კორექტულობა შემიმჩნევია, როდესაც ეს კადრები შესთავაზეს, მათ მოითხოვეს არ ეყურებინათ ამ კადრებისათვის, რათა არ მომხდარიყო, თითქოს სახეებით ამოცნობა. ვინც ნახა, არაფრის ამოცნობა არ ხდებოდა.
ამავდროულად მათ დაიწყეს კომპანია “ისევ გვისმენენ”. რას ნიშნავს ისევ გვისმენენ?! როდესაც საუბარი იყო წამების ფაქტებზე და საშინელ კადრებზე, მათ დემონსტრაციულად მოინდომეს თემის სწრაფად დახურვა, თუმცა შემდეგ დაიწყეს კამპანია “ისევ გვისმენენ”. მათ არც ერთი ფაქტი არ ჰქონდათ ახალ ხელისუფლების დროს პირად ცხოვრებაში ჩარევის.
როდესაც შენიშვნა მივეცი, რომ ეჭვი მაქვს “ნაციონალებთან” მათ თანხვედრაში, სამივე მიმანიშნებდა, რომ მე მსურდა მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა. ამის საფუძველი არ ჰქონდათ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები