ირაკლი ღარიბაშვილი: ოლიმპიური ქალაქის 16 კორპუსი დევნილებს გადაეცემა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოლიმპიური ქალაქის 16 კორპუსი, რომელიც ჩინურმა კომპანია ”ჰუალინგმა” ააშენა, მთავრობამ შეიძინა და ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ დევნილებს გადასცემს.
„ყველამ კარგად იცით კომპანია „ჰუალინგი“, რომელიც უზამრაზარ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. კერძოდ, თბილისში ეს არის 300 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ეს იქნება ოლიმპიური ქალაქი, რომელიც სახელმწიფომ შეიძინა, და სადაც ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ჩვენ ამ 16 კორპუსს, თანამედროვე შენობებს გადავცემთ საკუთრებაში ჩვენს დევნილებს,”- განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015″-ის მშენებლობა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
თბილისის ოლიმპიური ფესტივალისათვის ოლიმპიური სოფლისა და კომპლექსის მშენებლობას ჩინური კორპორაციული ჯგუფი „ჰუალინგი” აწარმოებს. ოლიმპიური სოფელი დასრულებულ სახეს დათქმულ ვადებში მიიღებს და 2015 წლისათვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
კორპორაცია „ჰუალინგი” ჩინურ კომპანიათა იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, შუა აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელებაა. საქართველოში ინვესტირება ჯგუფმა 2007 წლის ბოლოს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები