ფინეთის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა
ფინეთის რესპუბლიკის მიერ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საზეიმო მიღება გიმართა.
ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ფინეთში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ელჩები და საელჩოების თანამშრომლები. მიღებას ასევე დაესწრნენ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.
დამსწრეებს სიტყვით მიმართა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. საპასუხო სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ელჩები, მათ აღნიშნეს რიგის სამიტის წინ ფინეთის მიერ შეთანხმებების რატიფიცირების დასრულების მნიშვნელობა და ეს ნაბიჯი ასოცირებული ქვეყნების და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი ფინეთის მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასეს.
ფინეთის საგარეო უწყება მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 24 აპრილს ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელს, რითიც დასრულდა ამ დოკუმენტის ფინეთში რატიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები.