ნინო გვენეტაძე: კარგია, თუ სასამართლო შეცდომების გარეშე მუშაობს
კარგია, თუ სასამართლო მუშაობს შეცდომების გარეშე და არ არის მოსამართლეთა მიერ სამართალწარმოების პროცესში დაშვებული დისციპლინური გადაცდომები, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ “ქორთიარდ მარიოტში” შეხვედრის წინ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით საქმე კოლეგიაში არ შესულა, რაც ნიშნავს, რომ არცერთი მოსამართლე დისციპლინური სახდელით დასჯილი არ ყოფილა.
გვენეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა იმ თემებს დაეთმობა, რომელიც დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებს შეეხება.
“საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის დამფინანსებლები და რაც მთავარია სასამართლო კორპუსი, დღეს შევიკრიბეთ იმ საკითხების განხილვისთვის, რომელიც შეეხება დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ თემებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით საქმე კოლეგიაში არ შესულა, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი მოსამართლე დისციპლინური სახდელით არ ყოფილა დასჯილი. კარგია, თუ სასამართლო მუშაობს შეცდომების გარეშე და არ არის მოსამართლეთა მიერ სამართალწარმოების პროცესში დაშვებული დისციპლინური გადაცდომები, თუმცა ამის პარალელურად, ჩვენ ვიმსჯელებთ და შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას, რა პრობლემები აქვს თავად საკანონმდებლო ბაზას”, – განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების საკითხზე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გახსნა.