ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ქართველი პარლამენტარების კითხვებს უპასუხა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობას განაგრძობს. სხდომაზე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ნილს მუჟნიეკსი გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშით წარდგა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, გამოსვლის შემდეგ, ნილს მუჟნიეკსმა სესიის სხდომის მონაწილეთა, მათ შორის ქართველი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს კითხვა ფსიქო-სოციალური საჭიროების პირთა იძულებითი განთავსების და იძულებითი მკურნალობის შესახებ დაუსვა. ნილს მუჟნიეკსის განცხადებით, კანონმდებლობა ამ საკითხზე უნდა იყოს არადისკრიმინაციული.
„საჭიროა ობიექტური კრიტერიუმი. ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აწარმოონ დაკვირვება იძულებით განთავსებაზე და მკურნალობაზე იმ მიმართულებით, რომ შემცირდეს ასეთი შემთხვევები. მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ასეთი მკურნალობა ეფუძნებოდეს პიროვნების თავისუფალ და ინფორმირებულ თანხმობას გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ადამიანები თვითონ უნდა მონაწილეობდნენ მათ მიმართ მიმართული მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ხშირად მათ მაგივრად სხვები იღებენ გადაწყვეტილებებს. ამას მე ბევრ ქვეყანაში ვხედავ“, – აღნიშნა ნილს მუჟნიეკსმა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის შეკითხვა ეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შეზღუდვას:
„ამ ტერიტორიებზე სკოლებში ქართულად სწავლება უკიდურესად შეზღუდულია და ქართული ენა მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისკრიმინირებულია, მაშინ, როცა რუსულ ენაზე სწავლება პირველ პლანზეა წამოწეული. გაქვთ თუ არა რეალური და ეფექტური საშუალებები, დაიცვათ მოსახლეობის ინტერესები ამ სპეციფიკურ საკითხთან დაკავშირებით?“
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, იგი წლის ბოლოს აპირებს ამ საკითხზე მუშაობას, მათ შორის აფხაზეთში და მის დღის წესრიგში აუცილებლად შევა უმცირესობების საკითხები. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა უფრო ეფექტური მექანიზმების არსებობა. ნილს მუჟნიეკსმა აღნიშნა, რომ პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და რომ იგი ყველასგან მოელის თანამშრომლობას.
„თქვენ შეგიძლიათ დიდი დახმარება გამიწიოთ ადგილობრივ დონეზე“, – განაცხადა უმაღლესმა კომისარმა. ჩიორა თაქთაქიშვილმა ადამიანის უფლებათა კომისარს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ შეკითხვა დაუსვა.
ქართველი პარლამენტარის განცხადებით, გასულ თვეში განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა. მისივე თქმით, საქართველოში ზოგიერთი ადვოკატი ზეწოლას განიცდის. ნილს მუჟნიეკსმა ჩიორა თაქთაქიშვილის შეკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის წლის ბოლოს საქართველოში ვიზიტს აპირებს და ამ საკითხებს ადგილზე გაეცნობა.