მამუკა არეშიძე: რეფერენდუმით რუსეთთან ყირიმის მიერთების მხარდამჭერები გაიმარჯვებენ

ექპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ “კვირასთან“ ყირიმში განვითარებულ მოვლენებსა და დაგეგმილ რეფერენდუმს აფასებს. არეშიძე აცხადებს, რომ 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგებით რუსეთთან ყირიმის მიერთების მხარდამჭერები გაიმარჯვებენ. თუმცა, ექპერტი მოვლენების სხვა სცენარით განვითარებასაც არ გამორიცხავს. არეშიძე რუსეთსა და დასავლეთს შორის კულუარული გარიგების შესაძლებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ შესაძლოა, რეფერენდუმის რეალური შედეგები უგულებელყოფილი იქნას.
“ყირიმის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი, რომელიც 16 მარტს გაიმართება, რუსეთთან მიერთების მხარდამჭერების ხმათა უმრავლესობით დამთავრდება .თუმცა აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ მსოფლიოს ზეწოლა ისეთი ეფექტური ვერ არის, როგორსაც ველოდით, რუსეთს მაინც არ სურს ესკალაციის გაგრძელება. მისი ლიდერები ამტკიცებენ, რომ ყირიმში რუსეთის არმიის სამხედროები არ არიან. რუსეთს ესკალაციის გაგრძელება არ სურს.
ქვეყნის ხელისუფალნი ყველანაირად ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ თითქოს რუსი სამხედროები ყირიმის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ რუსეთს თავდაჯერება აკლია. შესაძლოა, რეფერენდუმის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის კულუარული მოლაპარაკებები შედგეს და გამოცხადდეს შედეგები, რომელიც რუსეთს დამარცხებულად არ გამოიყვანს და გამოცხადდება, რომ თითქოს ყირიმელებს რუსეთთან მიერთება არ სურთ, მაგრამ, მაგალითად, ცალკე სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება უნდათ. რუსეთს ისეთი ქმედება სჭირდება, რომელიც მას სახეს შუნარჩუნებს.
არეშიძე ყირიმში დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილებზეც საუბრობს. მისი თქმით, დაპირისპირებების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, თუმცა ამის გასაჯაროება არც რუსეთს და არც უკრაინას ხელს არ აძლევს. “მაათ უნდათ, ისეთი ეფექტი შექმნან, თითქოს მოვლენები მშვიდობიანად ვითარდება“,-აღნიშნავს არეშიძე. ყირიმის უმაღლესმა რადამ დღეს რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღებამდე ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების ახალი თარიღი გამოცხადდა – რეფერენდუმი 16 მარტს ჩატარდება.
რეფერენდუმზე ორი კითხვა იქნება დასმული: დაუბრუნდება თუ არა ყირიმი 1992 წლის კონსტიტუციას, თუ რუსეთის შემადგენლობაში შევა.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები