საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის (COCOM) წევრები ეწვივნენ. მათ გარდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატები და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებიც ეწვივნენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ორდღიანი შემაჯამებელი სემინარის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. სემინარს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის.
„ყოველი დღე მკაცრადაა გაწერილი იმისათვის, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა, შესაბამისმა სამინისტრომ და თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთოს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მიმდინარეობს როგორც სპორტული ობიექტების მშენებლობის დასრულების პროცესი, ასევე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდებარე ტერიტორიაზე. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სპორტულ ობიექტებზე ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება, გარდა კოსმეტიკური სამუშაოებისა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, მონიტორინგის მისია პარალელურ რეჟიმში დღის განმავლობაში დაათვალიერებს სპორტულ ობიექტებს, მათ შორის შეაფასებს დასრულებულ ობიექტებს. ვიზიტის ფარგლებში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები გაეცნობიან „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს, დაათვალიერებენ მშენებარე და განახლებულ სპორტულ არენებს. ეწვევიან ოლიმპიურ სოფელს. დელეგაციის წევრები გასცემენ საბოლოო რეკომენდაციებსა და შემაჯამებელ შეფასებებს. 26 ივლისის-1 აგვისტოს პერიოდში თბილისში ტარდება საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიება – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები