თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო “ციტრუსი” გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ იაფი სესხის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სასტუმრო “ციტრუსი” გახსნა. ღონისძიებას მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერეკაშვილი, მთაწმინდის გამგებელი გელა არჩვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ნარმანიას განცხადებით, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა დედაქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უახლოეს მომავალში თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს და მოსალოდნელია ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან, სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.
„სასტუმრო „ციტრუსი“ მერიის იაფი სესხის პროექტის ფარგლებში 1 მილიონი ლარით დაფინანსდა. ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში ჩავერთეთ, ვინაიდან ძალიან აქტიური მოთხოვნაა ბოლო პერიოდში სამ და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებზე, გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი წელი ძალიან დატვირთულია და დედაქალაქში ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ტარდება. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ასევე სუპერთასის მატჩისთვის დედაქალაქს საკმაოდ ბევრი სტუმარი ეყოლება, ისევე როგორც სხვა პერიოდში, ვინაიდან ტურისტული აქტივობა მაღალია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი მშენებლობა და განვითარება მერიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. გამომდინარე აქედან, გასული წლის ბოლოს მივიღეთ გადაწყვeტილება, რომ სასტუმროების მშენებლობის მხარდაჭერა ყოფილიყო პრიორიტეტი. სასტუმრო „ციტრუსი“ ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომელთაც დაფინანსებაც იაფი სესხის ფარგლებში მოხდა“,- განაცხადა მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.
სასტუმროს გენერალური მენეჯერის შალვა ალავერდაშვილის თქმით, სასტუმროს მთლიანად ადაპტირება შშმ პირებისთვის მერიის ინიციატივით განხორციელდა. მისივე თქმით, სასტუმრო ვიზიტორებს ბალნეოლოგიური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. სასტუმროში 36 ნომერი, ბარი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული, აქვს საკუთარი პარკინგის ადგილი. სასტუმროში 45-მდე ადამიანია დასაქმებული. თბილისის მერიის ინფორმაციით, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ციტრუსი” თბილისის ცენტრალურ უბანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს და ერთდროულად 80-მდე სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმროს მშენებლობაზე 3,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები