რა ბედი ეწევა ათონელის რეზიდენციას – რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები?
ათონელის რეზიდენცია, რომელიც სახელმწიფოს დაახლოებით 28 მილიონი ლარი დაუჯდა, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება.
შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის მაგივრად ათონელზე აშენებული შენობიდან მოუწიოს ქვეყნის მართვა.
ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, – ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს გუშინდელ სხდომაზე დავით შავლიაშვილმა მიაწოდა.
შავლიაშვილი, რომელმაც დღეს გადადგომის მოთხოვნით პრემიერს მიმართა, ჯერ კიდევ გუშინ, მთავრობის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სტატუსით ესწრებოდა.
მან არ გამორიცხა, რომ რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილი გადავიდეს.
როგორც შავლიაშვილმა განმარტა, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში და ის გარემონტდა, როგორც პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენცია.
მისივე განცხადებით, შენობის რემონტის პროცესში, სამინისტროს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული.
მომდევნო ეტაპი რეზიდენციის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას გულისხმობს, რის შემდეგაც მის ფუნქციაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს.
თემაზე კომენტარები მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც გაკეთდა.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენციის მოწყობაზე დახარჯული თანხების ანაზღაურება, მარკეტინგული თვალსაზრისით, ძალიან რთულია, რადგან შენობა მკვეთრადაა განსაზღვრული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა სამუშაოები. ბუნებრივია, რომ განკარგვაში გადმოდის ეკონომიკის სამინისტროში. ამ შენობის ბედზე კი მთავრობა იმსჯელებს.
სამწუხაროდ, ამ შენობის მიმართ ძალიან დაბალი ინტერესია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ფუნქციური მოწყობა მკვეთრად განსაზღვრულია უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, ამიტომ მარკეტინგულად ძალიან რთულია იმ დანახარჯების ანაზღაურება მოხდეს, რაც საკმაოდ მაღალი იყო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თემაზე კომენტარი გააკეთა დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმაც და განაცხადა, რომ ათონელზე მდებარე რეზიდენციის გარემონტება პრეზიდენტის მოთხოვნების მიხედვით მოხდაო.
მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იცოდა და ამიტომაც მოხდა ათონელზე მდებარე შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანაო.
კოჟორიძემ ჟურნალისტებს 2014 წლის ივლისით დათარიღებული წერილიც წარუდგინა, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის თაობაზე საქართველოს მთავრობას ინფორმაციას აწვდის.
კოჟორიძემ აღნიშნული თემის წამოწევა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეტიდაციის მცდელობას დაუკავშირა.
ჟურნალისტების კითხვას, რამდენად არის შესაძლებელი მთავრობის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია იძულებული გახდეს, ავლაბრის სასახლიდან ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადაინაცვლოს.
კახა კოჟორიძის განმარტებით, სამართლებრივად ამის წარმოდგენა რთულია.
მისივე თქმით, ვის ბალანსზეა ობიექტი – ეკონომიკის სამინისტროს, თუ სხვა უწყების, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
“ეს შენობა სახელმწიფო საკუთრებაა, პრეზიდენტი კი სახელმწიფოს მეთაურია. ამ მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩემთვის მართლა გასაოცარი იქნება, რომელიმე სხვა უწყებამ, სტრუქტურამ დაგეგმოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გადატანა პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ სხვა შენობაში. მე უბრალოდ სამართლებრივადაც და პრაქტიკულადაც ალიან გამიჭირდება ამის წარმოდგენა. ასეთი აბსურდი, რომ სახელმწიფოს მეთაურის პრაქტიკულად გამოსახლების საკითხი იდგეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობიდან, მე არ გამიგია და არსად არ მსმენია. იმედია, ჩვენს ქვეყანაშიც არ მოვისმენ”, – აღნიშნა კოჟორიძემ.
საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურისთვის მიუღებელია საუბარი იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და შეურაცხყოფს.
„ყველას გთხოვთ, არ შეიძლება, ასე ვისაუბროთ დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომ იძულების წესით მოხდება მისი გადმოყვანა. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როდესაც გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში. მე ამას არ გავაკეთებდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, ამ სასახლის მიმართ ყოველთვის იყო უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელშიც 28 მილიონი დაიხარჯა. მე რომ მის ადგილზე ვიყო, გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში, თუმცა ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, „საქართველოში დღეს არ არის ადეკვატური სიტუაცია, რომ ჩვენ მივცეთ თავს უფლება, ნახევარმილიარდიან სასახლეებში ვიცხოვროთ, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჭირვებულია“.
ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც უპასუხა.
„თუ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, ყველანი უნდა დავემორჩილოთ რაღაც თამაშის წესებს, მათ შორის პრეზიდენტიც“,- აღნიშნული ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა – უნდა გადავიდეს თუ არა პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში? მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 10 000 კვ/მ-ის ფართობი უკავია, რაც ჭარბი ფასია.
“რომც არ უჭირდეს სახელმწიფოს, ჭარბი ფართი მაინც არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ „ჩვენ საკმაოდ გაჭირვებული სახელმწიფო გვაქვს.“
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია, ანუ შენობა, სადაც დღეს მუშაობს პრეზიდენტი, არსებითად არ შეესატყვისება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.
მისივე თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მთავრობის უფლებამოსილებაა. მისი თქმით, სწორედ მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს რეზიდენციის საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება.
თემაზე კომენტარები გაკეთეს დეპუტატებმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის შესაფერისი ადგილია ის, სადაც ის დღეს არის.
მისივე განმარტებით, თუკი პრეზიდენტს მოუნდება ათონელის ქუჩაზე, რეზიდენციაში გადასვლა, უნდა გადავიდეს, მაგრამ თუ ეს მისი სურვილი არ იქნა, ამაზე მას არავინ არ უნდა ეჭიდაოს.
„პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირ არჩეული პირი და მისი უფლებამოსილების ფარგლებთან მისი რეზიდენცია არავითარ კავშირში არ უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გონივრულად გადაწყდება. რაც უფრო მეტ პატივს მივაგებთ ჩვენს ინსტიტუციებს, მით უფრო ღირსეულად გამოვჩნდებით როგორც ჩვენი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ეს თემა ამდენ დებატს არ იმსახურებს. საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეების მიერ არჩეული პრეზიდენტია და მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო გარემო. შესაბამისი გარემო არის ის, სადაც ის დღეს არის. თუ ის გადაწყვეტს, რომ სხვაგან არის მისი ადგილი და თავად გადაწყვეტს გადასვლას, კი, ბატონო, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა ვეჭიდაოთ მას ამ საკითხზე“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
საკითხზე კონკრეტული პოზიცია აქვთ „მრეწველებს“.
პარტია „მრეწველების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში უნდა გადავიდეს.
როგორც თოფაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, შენობის გარემონტება სწორედ პრეზიდენტთან შეთანხმებით მოხდა.
„ათონელის რეზიდენციის რემონტი პრეზიდენტთან შეთანხმებული იყო. ადგილზე არაერთხელ მოვიდნენ მისი წარმომადგენლები და მათი მხრიდან მოწონებული იყო იქ მიმდინარე სამუშაოები. პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვა ამ გაჭირვების დროს ძალიან ძვირი ჯდება, მისივე ნებართვა იყო იქ გადასვლაზე. მშვენიერი შენობაა, ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება, ნებისმიერი სტუმრის მიღება შეიძლება. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში უნდა გადავიდეს. ეს ყველაფერი მასთან შეთანხმებული იყო“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
ეკა ბესელიას შეფასებით, „ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო ის მორალური მიჯნა , რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა გადააბიჯა“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური კი ამბობს, რომ „ათონელის რეზიდენციაზე 28 მილიონი დაიხარჯა და პრეზიდენტის იქ გადასვლა კარგი იქნება, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ხარჯი გამართლებული იქნება”.
ათონელის ქუჩაზე აშენებული რეზიდენციის თაობაზე მინისტრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. მათ მიაჩნიათ, რომ რეზიდენციის თემის წამოწევით, პრეზიდენტის შევიწროვება გრძელდება.
„თავისუფალი დემოკრატები“ კი მიიჩნევენ, რომ საკითხი მხოლოდ პრეზინდეტის გადასაწყვეტია.
საბოლოოდ ხელისუფლების შტოების მხრიდან ურთიერთსაპირისპირო განცხადებები მივიღეთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით კი საქართველოს მთავრობა საქმის კურსში იყო, რომ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლაზე საბოლოოდ უარი თქვა.
„კვირასთან“ თემაზე საუბრისას პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ათონელის რეზიდენცია მთავრობასა და პრეზინდეტს შორის მორიგი დაპირისპირების საგანი გახდა.
კონსტიტუციონალისტი, პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე „კვირასთან“ გადამეტებულს უწოდებს თემის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და აცხადებს, რომ ქვეყანას სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს, რომელთა გადაჭრაც მთავრობისა და პრეზიდენტის კონსოლიდირებულ მუშაობას საჭიროებს.
რაც შეეხება საკითხს, უნდა დარჩეს თუ არა პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ავლაბრის რეზიდენციის მასშტაბის შენობა მიზანშეუწონელია, თუმცა, პოლიტოლოგის აზრით, პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენცია არ უნდა დატოვოს, ათონელზე მდებარე რეზიდენცია კი რომელიმე სამთავრობო უწყებას უნდა გადაეცეს. ასეთ უწყებად ძაბირაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ასახელებს.
„ათონელზე მდებარე რეზიდენცის დანიშნულების საკითხი განსჯისა და დაპირისპირების საგანი გახდა, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია. როცა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში, ასევე საგარეო მიმართულებით ბევრი აქვს სამუშაო და გადასაწყვეტი, დღეს ვხედავთ, რომ განსჯის ნომერ პირველი თემა რეზიდენცია გახდა. ერთია, რომ არ უნდა აშენებულიყო ავლაბრის რეზიდენცია, რადგან არ გვაქვს ასეთი ფუფუნების რესურსი, თუმცა შემდგომ გაკეთებული განცხადებები, რომ აღნიშნული შენობა ბიბლიოთეკად ან საგანმანათლებლო დაწესებულებად უნდა გარდაქმნილიყო, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, ვინაიდან ამ რეზიდენციის პროექტი, სტანდარტები გათვლილია სხვა მიზნისთვის – ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. რაც შეეხება ათონელზე მდებარე შენობის ბედს, იქ მიზანშეწონილი იქნებოდა საგარეო უწყების შესვლა, ვიცით, რომ ჩიტაძეზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ავარიულია და საუბარიც იყო, რომ ეს ამ უწყებას სხვა შენობაში გაეგრძელებინა ფუნქციონირება. ვეჭვობ ათონელის რეზიდენციით ინვესტორი დაინტერესდეს, რომელსაც სასტუმროს გაკეთება ენდომება, რადგან, როგორც აღვნიშნე, ავლაბრის რეზიდენციის მსგავსად, ეს შენობაც დაპროექტებულია სპეციალური სქემით“,-აღნიშნა „კვირასთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.
„ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში საგარეო უწყების განთავსება ურიგო არ იქნებოდა, პრეზიდენტი კი კვლავ ავლაბრის რეზიდენციაში უნდა დარჩეს.
„პრეზიდენტმა იქ უნდა გააგრძელოს საქმიანობა, სადაც ახლა საქმიანობს. რაც შეეხება ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობას, ის უნდა გადაეცეს რომელიმე სამთავრობო უწყებას, თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროს. და მაშინ აღნიშნული შენობაზე დახარჯული თანხა არ იქნება წყალში გადაყრილი“,-აღნიშნა “კვირასთან“ სოსო ცისკარიშვილმა.
„საქართველოში დღეს არ არის ადეკვატური სიტუაცია, რომ ჩვენ მივცეთ თავს უფლება, ნახევარმილიარდიან სასახლეებში ვიცხოვროთ, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჭირვებულია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, ავლაბრის რეზიდენციაში დარჩება თუ ათონელზე გადავა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
მთავრობის მეთაურისთვის მიუღებელია საუბარი იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და შეურაცხყოფს.
„ყველას გთხოვთ, არ შეიძლება, ასე ვისაუბროთ დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომ იძულების წესით მოხდება მისი გადმოყვანა. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როდესაც გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში. მე ამას არ გავაკეთებდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, ამ სასახლის მიმართ ყოველთვის იყო უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელშიც 28 მილიონი დაიხარჯა. მე რომ მის ადგილზე ვიყო, გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა განთავსებულიყო, თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლაზე საბოლოოდ უარი განაცხადა. შენობა იმ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, რომლების გაყიდვითაც ხელისუფლება სავალუტო კრიზისიდან გამოსვლას გეგმავდა. მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან იმის გამო ამოიღო, რომ ამ შენობით პოტენციური მყიდველი არ დაინტერესდა.
განიხილება მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, ათონელზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავსდება.
ათონელზე მდებარე რეზიდენციის ბედი მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.
მარიამ ზედგინიძე