შს მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბრის დასაწყისში თურქეთის ელჩმა ღრმა მწუხარება გამოხატა ქართველი პოლიციელის დაღუპვის გამო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. შს მინისტრმა და ელჩმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს და ამ კუთხით საქართველოსა და თურქეთის პოლიციური სტრუქტურების როლს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ, მეგობრულ ურთიერთობებს და გამოიკვეთა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების და გაღრმავების პერსპექტივები. მინისტრმა საქართველოს სამართალდაცვითი სფეროს რეფორმირების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის თანადგომისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები