„არ-ემ-ჯი გოლდის“ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოისმინეს

კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოისმინეს. კომპანიის თანამშრომლები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ბესო აბაშიძეს შეხვდნენ. აბაშიძემ „არ-ემ-ჯი გოლდის“ თანამშრომლებს განუმარტა, რომ წერილობითი ფორმით უნდა ჩამოეყალიბებინათ და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ოფიციალურად მიემართათ, თუმცა მის ამ შეთავაზებაზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უარი თქვეს. მათ პრეზიდენტის წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ უკვე რამდენიმე თვეა, პრეზიდენტთან შეხვედრას ცდილობენ, თუმცა შეხვედრა აქამდე არ შედგა. მათივე თქმით, კომპანია „არ-ემ-ჯის“ უამრავ თანამშრომელს სამსახურის დაკარგვა ემუქრება. „გადაეცით პრეზიდენტს, ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ პრეზიდენტი შეგვხვდეს. ჩვენი იმპერატიული მოთხოვნაა მასთან შეხვედრა“, – განუცხადეს RMG-ის თანამშრომლებმა პრეზიდენტის წარმომადგენლებს.
პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. რაც შეეხებათ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ისინი განცხადების დაწერას არ აპირებენ. პრეზიდენტის მისაღებში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ აქვე დაელოდებიან, სანამ პრეზიდენტი არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები