დავით უსუფაშვილი: უკრაინა და საქართველო ძალიან მალე ერთად გახდებიან მშვიდობიანი ევროპის ნაწილი

უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. ოფიციალური შეხვედრების გამართვამდე, საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ეროვნული ნაკრძალი მოინახულა. დელეგაციის წევრები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვივნენ და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დავით უსუფაშვილი და დელეგაციის წევრები მივიდნენ მემორიალთან, სადაც მაიდნის მოვლენების დროს დაღუპული ქართველის დავით ყიფიანის ფოტოა განთავსებული. როგორ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების გმირობის გაგრძელება იყოს ის გზა, რომელსაც დღეს უკრაინა და საქართველო ადგანან. “სამწუხაროდ, როდესაც უკრაინისკენ მოვემგზავრებოდით, კიდევ ერთი ქართველი – გიორგი ჯანელიძე შეეწირა აქ მიმდინარე საომარ მოქმედებებს. მე მინდა იმედი მქონდეს, რომ მსხვერპლი აღარ იქნება და ეს პრობლემები მშვიდობიანი გზით მოგვარდება, თუმცა ჯერჯერობით ამის ნათელი პერსპექტივა არ ჩანს. ჩვენი ვიზიტის მიზანია, გავაგრძელოთ ის ძალიან მეგობრული, სათანამშრომლო ურთიერთობა, რაც ჩვენ უკრაინის რადას წარმომადგენლებთან გვაქვს. გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასე, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა და საქართველო ძალიან მალე ერთად გახდებიან მშვიდობიანი ევროპის ნაწილი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ქართველი პარლამენტარები პირველ ოფიციალურ შეხვედრებს უკრაინის უმაღლეს რადაში გამართავენ. დელეგაციის წევრები უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ვლადიმერ გროისმანს და უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფს შეხვდებიან. დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინტერვიუს მისცემს უკრაინის საპარლამენტო არხს „რადა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები