მოსკოვის თეატრის „პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლები საქართველოში

საქართველოს მოსკოვის თეატრის „პეტრე ფომენკოს სახელოსნო“ პირველად ეწვია. 18 და 19 აპრილს, ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე მოსკოვის ლეგენდარული თეატრი პირველად წარდგა თბილისელი მაყურებლის წინაშე პეტრე ფომენკოს დადგმით „მგლები და ცხვრები“, ხოლო 21 და 22 აპრილს ნაჩვენები იქნება „ოჯახური ბედნიერება“.
სპექტაკლი „მგლები და ცხვრები“ ა.ოსტროვსკის პიესის მიხედვით – თეატრის სავიზიტო ბარათია. ის დაიდგა 1992 წელს ფომენკოს სტუდენტების მონაწილეობით და დღემდე წარმატებით გადის თეატრის რეპერტუარში. სპექტაკლი „ოჯახური ბედნიერება“ ლ. ტოლსტოის რომანის მიხედვით, დაჯილდოვდა თეატრალური პრემიით „თოლია“ (2000) ნომინაციაში „Some like it hot“ (ქსენია კუტეპოვას და ილია ლუბიმოვის დუეტი), ხოლო ქსენია კუტეპოვამ მიიღო კ.სტანისლავსკის პრემია ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი“ (2001).
„პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლების მსვლელობისას გრიბოედოვის თეატრის ფოიეში გაიმართება გამოფენა, მიძღვნილი პეტრე ფომენკოს შემოქმედებისადმი და თეატრის 20 წლის იუბილისადმი. ექსპონატთა შორის საგულისხმოა სტენდი, რომელიც მოგვითხრობს იმ ორ სპექტაკლზე, რომლებიც ფომენკომ გრიბოედოვის თეატრში მუშაობის პერიოდში შექმნა (1970-1972) – ვ.კატაევის „ყვავილების გზა“ და რ. კაუგვერის „შენი კუნძული“.
პეტრე ფომენკო (1932-2012) – რეჟისორი, პედაგოგი, რუსეთის სახალხო არტისტი, თეატრის „პეტრე ფომერნკოს სახელოსნოს“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მუშაობდა ლენინგრადის ნ.აკიმოვის სახელობის კომედიის თეატრში, ვლ. მაიაკოვსკის, ევგ. ვახტანგოვის, მოსსოვეტის სახელობის თეატრებში, „სატირიკონში“ და სხვა. 1981 წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა გიტისში. მისი მოწაფეები არიან: რეჟისორები სერგეი ჟენოვაჩი, მინდაუგას კარბაუსკისი, ივან პოპოვსკი, ვლადიმირ ეპიფანცევი, სერგეი პუსკეპალისი და სხვა. 1993 წელს პეტრე ფომეკოს სამსახიობო-სარეჟისრო ჯგუფს გიტისში თეატრის სტატუსი მიენიჭა.
„პეტრე ფომენკოს სახელოსნო“ არის თეატრი, სადაც ძიებისა და ექსპერიმენტებისაკენ სწრაფვა შერწყმულია რუსული სარეპერტუარო თეატრის ტრადიციებთან. სხვადასხვა წლებში თეატრმა მიიღო მონაწილეობა მრავალ რუსულ და საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, მისი სპექტაკლები ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ფორუმების არაერთგზის ლაურეატია. პეტრე ფომენკოს გარდაცვალების შემდეგ თეატრს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი და პედაგოგი, „სახელოსნოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი ევგენი კამენკოვიჩი. გასტროლების გენერალური სპონსორია – „ვითიბი“ ბანკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები