ჩახუტების საერთაშორისო დღე – თბილისში
თბილისში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, ახალგაზრდები თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩაზე იკრიბებიან და გამვლელებს ეხუტებიან. მათთან ერთად იმყოფებიან ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის თილისმები – ვეფხვი და ბიჭი, რომელთა პრეზენტაცია დღეს მოხდა. ისინი გამვლელებს ეხუტებიან. აქციაში ასევე მონაწილეობს ევროპის 2014 წლის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატის “თბილისი 2014”-ის თილისმა, ციყვი ”კოკო”. ასევე მოხალისეები, რომლებიც ეხუტებიან მოსახლეობას და პარალელურად სამახსოვრო სტიკერებს ჩახუტების პროცესში ზურგზე აკრავენ. “ჩახუტების დღის იდეა ადამიანების მიმართ სითბოს, ყურადღებისა და კეთილგანწყობის გამოხატვაა. ამ ჟესტით გვსურს გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოებისკენ, რომელიც ეხმიანება ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის მთავარ სლოგანს “ნაბიჯი მომავლისკენ”. დღევანდელ აქციაზე კი მოსახლეობის ყურადღებას შემდეგი სლოგანით ვიქცევთ: “ჩაგვეხუტეთ და გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ”, – განუცხადა“კვირას“ საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურის უფროსმა ანი გიუნტერმა. თბილისში ჩახუტების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ილიას უნივერსიტეტიდან დაიწყო და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ჩახუტების აქციის მონაწილეები ასევე ეწვევიან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას. “ეროვნული ჩახუტების დღე” აშშ-ში 1986 წელს დაარსდა. შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და სახელწოდებაც იცვალა. მას ჩახუტების საერთაშორისო დღე დაერქვა.