ირაკლი ღარიბაშვილი: სირცხვილია, რომ დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოგვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჭრებალოს ღვინის ქარხანაში შეკრებილ მეწარმეებს შეხვდა.
პრემიერმა მეწარმეებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი ახალი პროექტი წარუდგინა და დასძინა, რომ ახალი პროექტი ბიძგს მისცემს მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას, რადგან რეგიონს აქვს უნიკალური რესურსები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით.
მისივე თქმით, სირცხვილია, რომ დღეს ქვეყანას სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოაქვს.
“გლეხმა ირწმუნა, რომ ღირს ვენახის გაშენება და გასულ წელს 3 ათასი ჰექტარი ვენახი გაშენდა, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ვენახები მიზანმიმართულად იჩეხებოდა. ქართველ მეღვინეებს ღვინის რუსეთის ბაზარზე გატანის შესაძლებლობა მიეცათ, ევროპის ბაზარზე 65%-ით გავზარდეთ ექსპორტი. ამ ყველაფრის მიუხედავად, პრობლემები რჩება, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ისინი ეტაპობრივად გადაგიწყვიტოთ. მინდა, გქონდეთ ხელისუფლების იმედი. მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეშია და ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტში მაისში მთის კანონის განხილვა დაიწყება. მჯერა, რომ მთის კანონი და ეს პროგრამები მთლიანობაში, ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის ფეხზე დაყენებას”, – განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 3 ათასამდე ბენეფიციარი მიიღებს დაფინანსებას, შეიქმნება 4 700-მდე ახალი სამუშაო ადგილი, ბიზნესის კეთების უნარებს აიმაღლებს 4 500-მდე ბენეფიციარი.
პრემიერმა მეწარმეებს, ასევე ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“დაფინანსდა 105 ახალი საწარმო, გადაიარაღდა – 480, სოფლის მეურნეობაში განხორციელდა 800 მილიონი ლარის ინვესტიცია, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და მოქალაქეებს აღარ ეშინიათ საავადმყოფოში მისვლის, იმატა შობადობამ, შემცირდა სიკვდილიანობა, ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცენდენტოდ წარმატებული რთველი ჩატარდა, 2013 წელს რთველის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გასულ წელს – 14 მლნ ლარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები