მიხეილ გიორგაძე რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს. კულტურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ურეკში, კულტურის სახლში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე: „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“.
კონფერენციას უძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი – ქეთევან მოისწრაფეშვილი. კონფერენციაში მონაწილეობენ გურიაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები.
ღონისძიების ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია. გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში.