დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტი – „რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა“
21 აპრილს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტი „რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა“ გაიმართება. კონცერტთან დაკავშირებით 20 აპრილს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში მოეწყობა პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და მუსიკოსი დავით ევგენიძე გაუძღვებიან. კონცერტი-პერფორმანსი ასახავს ახალი საუკუნის მოსვლას. კონცერტში გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ჟანრი, დაწყებული უძველესი საგალობლებით, კლასიკური ჰარმონიებით, ჯაზის რიტმული ჟღერადობითა და ელექტრონული მუსიკით, დამთავრებული ახალტექნოლოგიური ინოვაციური მიდგომებით, რაც ხაზს უსვამს არჩევანის თავისუფლებას მუსიკაში. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა ოლეგ ტიმჩენკოს მიერ „ანგელოზის ფრთები“, რომელთან სურათების გადაღების საშუალებაც მაყურებელს კონცერტის დაწყებამდე ექნება. კონცერტში მონაწილეობა მიიღებენ სოფი ვილი, ნიკა მაჩაიძე, მაია ჯაბუა, ნიაზ დიასამიძე, იგორ ბუტმანი, ვიაჩესლავ ვიატკინი, ლუკა ზაქარიაძე, იგორ ბუტმანი (საქსაფონი); „Special Guest“: ნიკოლოზ რაჭველი (აკორდეონი); ორკესტრი: ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფორნიური ორკესტრი; დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი, მირიან ხუხუნაიშვილი, დათო ევგენიძე.