“საზმაუწყებელი განთავისუფლდა სახელმწიფო კონტროლისგან, ხოლო მისი გადაცემების ხარისხი გაუმჯობესდა“

 

ქართველი მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე ფიქრობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველად თავისი არსებობის მანძილზე, რეალურად განთავისუფლდა სახელმწიფო კონტროლისგან, ხოლო მისი გადაცემების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის შესახებ პაატა ქურდაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. “სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლის განმავლობაში საზმაუწყებელი, პირველად თავისი არსებობის მანძილზე, რეალურად განთავისუფლდა სახელმწიფო კონტროლისგან, ხოლო მისი გადაცემების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. პირველ რიგში, ეს მის საინფორმაციო გამოშვება “მოამბეს” შეეხება, რომელიც ქართული ტელევიზიის ისტორიაში, შეიძლება ითქვას, პირველი გაწონასწორებული და ასე თუ ისე სანდო საინფორმაციოა. სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ბევრი უყურებს. ესეც კიდევ ერთი უცნაური ნაციონალური ფენომენია: ჩვენ ძალიან ვღელავთ, განვიცდით, ვჩხუბობთ, როდესაც საზმაუწყებლის დირექტორს ან მის მოადგილეებს ხსნიან ან ნიშნავენ დაკავებული პოსტებიდან, სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე იმდენს ვნერვიულობთ, ისე გვიხარია, გვწყინს, ისე ვულოცავთ ან ვლანძღავთ არჩეულებს, როგორც შესაბამისად ოჯახის წევრებსა და მოსისხლე მტრებს… სრულიად ვულგარული მანერით გამუდმებით ვაყვედრით, რომ ისინი ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებიან, ვახსენებთ, რომ მხოლოდ დაქირავებულნი არიან და ა.შ. მერე კი უცებ ყველაფერი გვავიწყდება. გადავრთავთ სხვა არხებზე და აზრადაც არ მოგვდის, რომ ჩვენი ჯიბიდან გადახდილი “მოამბეს” ყურება უფრო მეტად ნიშნავს მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას, ვიდრე “ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული” მთელი ეს საკადრო აჟიოტაჟი.

თუ ჩვენ მართლა ვაფასებთ ჩვენ მიერ გადახდილ თითოეულ თეთრს, უნდა გვესმოდეს, რომ საზმაუწყებელს გადასახადების გადამხდელის მიერ გამუდმებული კონტროლი კი არა, მხარდაჭერა სჭირდება და ეს მხარდაჭერის გამოხატვა პულტის ღილაკზე თითის უბრალო დაჭერითაა შესაძლებელი. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვს, მოქალაქეთა დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნული სოლიდარობისა და ნდობის გამო უყურებს საზმაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებას, რადგან სჯერა მისი პოლიტიკური გემოვნების, მიუკერძოებლობის“,- წერს პაატა ქურდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები