„ჩვენ, საერთაშორისო ზეწოლის გარდა, სხვა არაფერი ბერკეტი არ გაგვაჩნია“

„აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ გალის რაიონში სწავლების მეთოდიკა შეიცვლება და რუსული დომინანტური ენა გახდება“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, ეს ახალი თემა არ არის, თუმცა მიზანი, რაც დე ფაქტო პარლამენტის დადგენილებაში წერია, ვოლსკის შეფასებით, უპერსპექტივოა.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მოცემულ მომენტში, საერთაშორისო ზეწოლის გარდა, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
„დე ფაქტო პარლამენტის დადგენილებაში ნათლად წერია მათი მიზანი და ვფიქრობ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უპერსპექტივო თემას შეეჭიდა. ჯერ არ არის ცნობილი, რუსული ენის სწავლება ქართული ენის ხარჯზე მოხდება, თუ საათები გადანაცვლდება. ძალიან მძიმე დემოგრაფიული ვითარება შეექმნათ აფხაზებს და ცდილობენ, ეს სურათი გალელი ქართველებით შეცვალონ. ჩვენ საერთაშორისო ზეწოლის გარდა, სხვა არაფერი ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუმცა ეს უმნიშვნელო ფაქტორი არ არის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები