უკრაინაში დემონსტრანტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ
უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. დემონსტრანტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. კიევში ღამით სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. არიან დაშავებულები. გრუშევსკის ქუჩაზე ამ დრომდე მობილიზებულია როგორც „ბერკუტი“, ისე – დემონსტრანტები.
პარალელურად, საგანგებო განცხადებას ავრცელებს ვიტალი კლიჩკო. ოპოზიციის ლიდერის თქმით, მას ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც „ბერკუტი“ გრუშევსკის მოედანზე აქციის დარბევას გეგმავს. საგანგებო მიმართვას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი. ვიქტორ იანუკოვიჩი მოსახლეობას სთხოვს, არ აჰყვნენ იმათ, ვისაც ქვეყანაში არეულობის გამოწვევა სურს. მან ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და განაცხდა, რომ ვითარების მოსაწესრიგებლად მზადაა კომპრომისზე წასასვლელად. იანუკოვიჩი არ გამოხმაურებია საკუთარი პარტიის – “რეგიონების” მოთხოვნას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით.