საქართველოს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 აპრილს ეწვევიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ სამმხრივ ფორმატში ეს სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველი ერთობლივი ვიზიტია საქართველოში. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრები შეხვედრას გამართავენ ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან, რის შემდეგაც ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გაერთიანებული პრესკონფერენცია გაიმართება.
დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის – “თბილისის კონფერენციის” დაფუძნების შესახებ. აღნიშნული გულისხმობს პოლონეთის მხარდაჭერას და მისი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. “საქართველო სამი ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს განიხილავს, როგორც პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოხატულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები