ბიძინა ივანიშვილი: მთავრობას კულისებიდან არ ვმართავ და თუ რამეს ვაკეთებ, მთელი საზოგადოების ინტერესებს ვიცავ

მთავრობას კულისებიდან არ ვმართავ და თუ რამეს ვაკეთებ, მთელი საზოგადოების ინტერესებს ვიცავ, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესცენტრთან განუცხადა.
“ღარიბაშვილი იშვიათად მირეკავს. რასაც ამბობენ, არის გადაჭარბებული. მრავალჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არ ვმართავ კულისებიდან მთავრობას. მთავრობას მართავს მთავრობის მეთაური, იშვიათად თუ დამირეკავენ და რჩევას მკითხავენ, ეს ნორმალურია და მთელს მსოფლიოში ხდება”, – აღნიშნა ექსპრემიერმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას მთავრობის მართვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
“მთავრობაში არავინაა ჩემი ნათესავი და არც ვინმესთან ვმეგობრობ მათში, ვინც დღეს მთავრობაშია. შესაბამისად, ესეც სიცრუეა. საზოგადოებაში მაქვს დიდი ნდობა და იციან ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ყველასგან ვითხოვ კანონის დაცვას. როგორც მოქალაქე ხმას ამოვიღებ და ჩემს ხმას ძალა ექნება. აქედან გამომდინარე, ამას დიდ ანგარიშს უწევენ და ის, ვისაც კანონის დარღვევის სურვილი აქვს, ჩემს მიმართ აგრესიულია იმიტომ, რომ საფრთხეს წარმოვადგენ მათთვის, რომ შეიძლება ხმა ამოვიღო“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ როდესაც კულისებიდან მართვის ეჭვს გამოთქვამენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ პირადი ინტერესები ივანიშვილს არ გააჩნია და ყველაფერი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება.
“მე ვარ ერთადერთი მათგანი, ვინც აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს – ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიზიაროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა და საკუთარი წარმატება უნდა ვეძებოთ ჩვენი ერის წარმატებაში, მე ვარ ერთადერთი მათგანი, ვინც ამ წესებს იცავს. თუ ვმართავ მთავრობას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვმართავ, ვაკეთებ ყველაფერს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან შეკითხვაზე, აპირებს თუ არა იგი პოლიტიკაში დაბრუნებას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუკი ამის საჭიროება იქნება, პოლიტიკაში დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები