გიორგი მღებრიშვილი: ყველა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს, უმკაცრესი პასუხი გაეცემა

ყველა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს, უმკაცრესი პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქაშუეთის ტაძარში განუცხადა, სადაც მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
“ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ერთი რამ შემიძლია მოკლედ ვთქვა, რომ ამ საზარელ დანაშაულს უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, უმკაცრესი პასუხი გაეცემა ამ და ყველა სხვა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შალვა აბულაძემ ბორჯომსა და თბილისში ორი სამართალდამცავი მოკლა. ორივე შემთხვევაში მან მიმალვა მოახერხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ვ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები