“საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა; ყველა ვალდებულია, რომ დაემორჩილოს საქართველოს უმაღლეს კანონს” – პაპუაშვილი

“საგამოძიებო კომისია არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტრუმენტი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. ყველა ვალდებულია, რომ დაემორჩილოს საქართველოს უმაღლეს კანონს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს კომისიაზე იყო მსჯელობა, თუ რატომ არის მიზანშეწონილი, რომ გახარია პირადად გამოცხადდეს კომისიაზე და ეს არ იყოს დისტანციური ჩართვის მეთოდით.

“ეს არის კომისიის სრული უფლებამოსილება, რომ მოითხოვოს პირის გამოცხადება კომისიის სხდომაზე. როგორც ჩანს მას ბევრი არაფერი აქვს სათქმელი ამ საკითხზე. თავადაც დაადასტურა, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეუთანხმებლად მოქმედებდა და რომ ეწინააღმდეგებოდა უსაფრთხოების სამსახური მის ამ გეგმას. ფაქტია, რომ ისე წავიდა მოვლენები, რაზეც მას აფრთხილებდა უსაფრთხოების სამსახური, რომ ეს აღქმული იქნებოდა პროვოკაციად და გამოიწვევდა მდგომარეობის ესკალაციას და ამ ესკალაციის მიღმა სხვადასხვა სცენარი შეიძლება განხორციელებულიყო.

ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ 1 მილიონი კვადრატული მეტრი სწორედ ამ შეუთანხმებელი ნაბიჯის, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან შეუთანხმებლობით გადადგა ეს ნაბიჯი, რის შედეგადაც მივიღეთ დამატებითი საგუშაგოები იმ ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე არანაირად არ შედიოდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც შეიძლებოდა გაევლოთ მავთულხლართით საოკუპაციო რეჟიმს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები