რიმა ბერაძემ რაიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა

 აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, სამაჟორიტარო რაიონში მდებარე სოციალურად დაუცველთა სასადილოებს ესტუმრა, იქ შეკრებილ მოსახლეობას დამდეგი დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძისა და რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი არც ერთი მოქალაქე და დიდი სამამულო ომის ვეტერანი სააღდგომო ნობათის გარეშე არ დარჩება. რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ სააღდგომო ნობათის სახით, სასადილოებში შეკრებილ მოსახლეობას, თითო სულზე, სააღდგომო პასკა, ქათამი და კვერცხი დაურიგეს. სასადილოებში შეკრებილმა სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა, მაჟორიტარ დეპუტატსა და გამგებელს ნობათისთვის, მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს და დამდეგი დღესასწაული მიულოცეს. „მოგეხსენებათ, ეს კვირა ვნების კვირაა და გვინდა ჩვენს მოსახლეობას მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ყოფა. სააღდგომო ნობათის გაცემა ხუთივე სასადილოში მოხდება, სადაც 2700 ადამიანია რეგისტრირებული და არც ერთი მათგანი ნობათის გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა სოციალურად დაუცველთა სასადილოში რიმა ბერაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააღდგომო ნობათი გათვალისწინებულია არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისათვის, არამედ რაიონში მცხოვრები შეჭირვებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სოციალური სტატუსი არ გააჩნიათ. მისივე თქმით, სააღდგომო ნობათს მიიღებენ დიდი სამამულო ომის ვეტერანებიც. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, ღონისძიების მსვლელობისას, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერა და საკრებულოსა და გამგეობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა გასაკუთრებით აღნიშნა. „ჩვენ ძალიან კოორდინირებულად ვმოქმედებთ ჩუღურეთის რაიონში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ჩვენი ბენეფიციარების დახმარება რეალურად ქმედითი იყოს. ერთიანი ფრონტი გვაქვს გაშლილი იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველებს მხარში დავუდგეთ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სასადილოებში სააღდგომო ნობათის დარიგების შემდეგ, რიმა ბერაძე თავის სამაჟორიტარო ბიუროში თავად ბიუროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მივიდა, სადაც მას ასევე ელოდნენ მოქალაქეები. რაიონის მაჟორიტარმა, მათ დამდეგი დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა. „მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვოთ ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა. მობილიზებულნი ვართ იმისათვის, რომ თქვენდამი მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ, ყურადღება არ მოვადუნოთ და თითოეულ თქვენგანს დაგიდგეთ გვერდით“, – განუცხადა რიმა მერაძემ სამაჟორიტარო ბიუროში შეკრებილ მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონში სოციალურად დაუცველთა ხუთი სასადილო მოქმედებს, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ყოველდღიურად ცხელ საკვებს იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები