მთავრობის ინიციატივით, გარდაცვლილი პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გათანაბრდება
მთავრობის ინიციატივით, გარდაცვლილი პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გათანაბრდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის და ის პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.
„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეიტყვეს, რომ მზად არის კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ გვსურს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გავათანაბროთ. ნუ ეცდებიან ფარისევლები, მიიწერონ ის, რაც არ გაუკეთებიათ არასოდეს. მათ შეეძლოთ, 9 წლის განმავლობაში ეს გაეკეთებინათ, თუმცა არ გააკეთეს და ჩვენს გაკეთებულს ნუ მიიწერენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედროების ოჯახებისთვის ერთჯერადად 100 -ათასლარიანი კომპენსაციის დაწესება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.