გუშინ დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ

ვარკეთილში გუშინ დაჭრილი პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილს მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
მას სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. როგორც “კვირასთან “ საუბრისას მორიგე ექიმმა, რეანიმატოლოგმა მაკა სახვაძემ განაცხადა, დაჭრილი პოლიციელი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
სამართალდამცველი საავადმყოფოში, მუცლის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.
“პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას მუცლის არეში ცეცხლნასროლი შემავალი ჭრილობა აქვს, დაზიანებული ჰქონდა წვრილი ნაწლავი, ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები. ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია,თუმცა რჩება მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა და პროგნოზების გაკეთება გამჭირდება“-აღნიშნა “კვირასთან“.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი გუშინ დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები