ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისკაცების ცხედრების დაკრძალვაზე დაუსწრებლობა არაორგანიზებულობის ბრალი იყო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვაზე დაუსწრებლობა არაორგანიზებულობით ახსნა. ამასთანავე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია გვიან გაიგო და სწორედ ამიტომ ვერ დაესწრო დაკრძალვის ცერემონიალს. “საკითხს ასე ნუ სვამთ, თუ რატომ არა, მგონი, ყველანი დამეთანხმებით, რომ ჩვენ არც ერთი ღონისძიება არ გამოგვიტოვებია. სამწუხაროდ, უნდა დავარქვათ, რომ ეს იყო არაორგანიზებულობის ბრალი. წინასწარ არ იქნა შეტყობინებული არც მთავრობისთვის, ჩემმა ოფისმა გაიგო ძალიან გვიან. ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ესწრებოდა და ძალიან გვიან გავიგეთ ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, მეც დავესწრებოდი და ყველაც”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრის ფრაგმენტები 2 აპრილს დაკრძალეს.