ირაკლი აბესაძე: როგორც ჩანს, დავით ნარმანიას კიდევ დარჩა დაუსაქმებელი ნათესავები

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პროგრამები 7 მილიონი ლარით მცირდება, 4 მილიონი ლარით კი – ამხანაგობების პროგრამები.
„ამ ყველაფერთან ერთად უქმდება ავტოპარკინგის მშენებლობის პროგრამები. 0,5 მილიონი ლარით მცირდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლის პროგრამა. 1,5 მილიონი ლარით კი ბაღების დაფინანსება. მთლიანობაში, 47 მილიონით გაიზრდება თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი და ეს მოხდება ოლიმპიადის სამუშაოების დასასრულებლად გამოყოფილი ტრანსფერის ხარჯზე“, – აცხადებს აბესაძე.
ირაკლი აბესაძემ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ის მუხლები და პროგრამები წარმოადგინა, რომელთაც შესაძლოა, ცვლილება შეეხოთ. აბესაძეს მიაჩნია, რომ დედაქალაქის მერი ცდილობს, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე და ჩაკეტილი გახადოს თბილისის მერია და საკრებულოსთან თანამშრომლობას არ აპირებს.
აბესაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტი პროგრამული არ არის, მასში შესატანი ცვლილებები მუხლობრივად არ არის ჩაშლილი, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს თანხები.
აბესაძის ინფორმაციით, 44 ერთეულით იზრდება მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა.
“როგორც ჩანს, დავით ნარმანიას კიდევ დარჩა დაუსაქმებელი ნათესავები”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები