ელგუჯა ხოკრიშვილმა და დავით ბაქრაძემ ვაკის პარკში „მშვიდობის ბაღი“ გახსნეს

 4 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ვაკის პარკში, ბრიტანული კუთხის ტერიტორიაზე „მშვიდობის ბაღის“ გახსნეს. ღონისძიება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დაარსების დღის აღსანიშნად ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. დავით ბაქრაძემ და ელგუჯა ხოკრიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებთან ერთად „მშვიდობის ბაღში“ ნერგები დარგეს. გამწვანების აქცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის “მწვანე მომავლის“ ფარგლებში მოეწყო. მოგვიანებით, „მშვიდობის ბაღში”, ნატოსა და ევროკავშირის შესახხებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ვიდეო-მიმართვების კონკურსის „რატომ NATO-ს?“ გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. სამი საუკეთესო ვიდეო-მიმართვის ავტორს საჩუქრად რუმინეთის საელჩოს მიერ დაწესებული პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის კი, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ და ბრიტანულმა კუთხემ ერთობლივი საჩუქარი დააწესეს-ახალგაზრდებს რამდენიმე თვის განმავლობაში ინგლისური ენის უფასო კურსები ჩაუტარდებათ. ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდამჭერი პროექტები მომავალშიც განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები