ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბზის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევებმა სოფელ ზედა ბზვანის ტერიტორიაზე ბზის ტოტები უკანონოდ მოიპოვეს, რომელთა საერთო რაოდენობამ ჯამში 640 ტოტი შეადგინა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი ერთ შემთხვევაში 500 ლარამდეა, მეორე შემთხვევაში კი 2000 ლარს აჭარბებს. აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება საოლქო პროკურატურაში.