„კვირას“ პრესკლუბის შემდეგ, მარიამ ბაღდასაროვას ოპერაცია დაუფინანსდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ პაციენტ მარიამ ბაგდასაროვას განცხადებაზე მოკვლევა დაასრულა – ამის შესახებ „კვირას“ სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზიაზეა გადაგზავნილი.
ნინო ხუციშვილის ინფორმაციით, სამედიცინო რეგულირების სააგენტო პაციენტის საჩივარზე საბოლოო დასკვნას რეცენზიის შემდეგ დადებს.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ბაღდასაროვმა 27 თებერვალს „კვირას“ პრესკლუბში საყოფაცხოვრებო ტრამვაზე ისაუბრა, რის შედეგად მას იდაყვში ძვლის ამოვარდნილობა ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ორი ოპერაციისა, პრობლემა უფრო მეტად გამწვავდა და მესამე ოპერაციას საჭიროებს. მარიამ ბაღდასაროვის განცხადებით, მდგომარეობის გაუარესება პირველი ოპერაციის დროს დაშვებულმა შეცდომამ განაპირობა. მისი თქმით, ოპერაციისას შეტანილი იყო ინფექცია, რომლის შემდეგაც გოგონას ხელი დროსთან ერთად უფუნქციო გახდა. პაციენტმა შპს „ტრავმატოლოგის“ ექიმი ტატიანა აკობია, ვინც მას ოპერაცია გაუკეთა, გულგრილობაში დაადანაშაულა და მის უხეშობაზე ისაუბრა.
„მარჯვენა იდაყვის ძვლის ამოვარდნილობის გამო 2014 წლის 9 სექტემბერს შპს „ტრამვატოლოგში“ ექიმმა ტატიანა აკობიამ გამიკეთა ოპერაცია, იდაყვის ძვლის ჩაყენება და ოსტესინთეზი მეტალური ჩხირებით. ოპერაციის შემდეგ დამიჩირქდა ხელი. ქალბატონი ტატიანა ჩემს ჩივილებს ყურადღებას არ აქცევდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. ამის გამო კატეგორიული უარი ვთქვი მასთან მეორე ოპერაციის გაკეთებაზე. მეორე ოპერაცია სხვა ექიმმა, ბატონმა ნუგზარ იარაჯულმა გამიკეთა, ამომიღო ჩხირები, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. ამ ორი ოპერაციის შემდეგ კი მაქვს საშინელი ტკივილები, ვღებულობ ტკივილგამაყუჩებლებს. ჩავიტარე გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ აუცილებელია მესამე ოპერაცია“, – ამბობს მარიამ ბაღდასაროვი. მარიამ ბაღდასაროვმა განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მიმართა. „მივმართავ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, დამეხმარონ გარკვევაში, რა ოპერაცია ჩამიტარა ქალბატონმა ტატიანამ და რატომ მჭირდება მესამე ოპერაცია. ფაქტობრივად, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ, ისევ ძვლის ამოვარდნილობა მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტი ვარ, ხშირად მიწევს წერა, თუმცა დაზიანებული ხელი პრობლემებს მიქმნის არა მარტო სწავლაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტატიანა აკობიამ მომაყენა ფიზიკური, მატერიალური და მძიმე მორალური ზიანი. ამის გამო მოვითხოვ, განცხადებაში აღნიშნული ფაქტების მოკვლევა დაიწყოს“,- განაცხადა მარია ბაღდასაროვმა.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის სტუდენტის მარიამ ბაღდასაროვის მესამე ოპერაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 70 პროცენტით დააფინანსებს. ხოლო დანარჩენ 30 პროცენტს, რომელიც მარიამ ბაგდასაროვას სჭირდება, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები