ზოოპარკის ტერიტორიაზე წიწვოვანი ტუიას 300-ზე მეტი ნერგი დაირგვება

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე წიწვოვანი ტუიას 300-ზე მეტი ნერგი დაირგვება. ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, გამწვანების საქველმოქმედო აქცია 4 აპრილს, შაბათს, 13:00 საათზე დაიწყება.
„ზოოპარკის გამწვანების აქცია უპირველეს ყოვლისა სოციალური აქტივობაა, რომელიც ტრადიციად ვაქციეთ და ამ ტრადიციას წელსაც ვაგრძელებთ. ამ აქციის მიზანი, ზოოპარკის გამწვანებასთან ერთად, საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობის წახალისებაა. გვინდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ზოოპარკის ცხოვრებაში. თავისი უშუალო ფუნქციისა და დანიშნულების გარდა, თბილისის ზოოპარკი ჩვენი დედაქალაქის შუაგულში მდებარე რეკრეაციული ზონაა. ამ პარკის შენარჩუნება და მის გამწვანებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და გვეხმარება ამ სასარგებლო პროექტის განხორციელებაში“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
გასულ წელს ზოოპარკში გამწვანების პირველი აქცია ჩატარდა, რომელიც ზოოპარკის ავტომაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გამიჯვნას ისახავდა მიზნად. აქციის მონაწილეების დახმარებით ტერიტორიაზე ტუიას 1300-მდე ნერგი დაირგო. წლევანდელი აქციის მიზანი უკვე არსებული ნარგავების ხაზის მეტად დაგრძელება და გზატკეცილის მომიჯნავე ტერიტორიის სრული შემოსაზღვრაა. როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რამდენიმე წელიწადში ეს ცოცხალი ღობე ბუნებრივ, ლამაზ ბარიერს შექმნის ზოოპარკსა და ავტომაგისტრალს შორის და ცხოველების ვოლიერებსაც დაიცავს მტვრისა და ხმაურისაგან. გამწვანების აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს. აქციაში მონაწილეობა, ნერგების დარგვამდე, პირველ რიგში, მათ შეძენას გულისხმობდა. თითო ნერგი 7 ლარი ღირდა. დღევანდელი მონაცემებით, აქციაში მონაწილეობას 250-მდე ადამიანი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები