ირაკლი შოთაძე: ამ ეტაპზე ირაკლი ალასანიას დაკითხვის საჭიროება არ არის
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას დაკითხვის საჭიროება, ამ ეტაპზე, არ დგას. ამის შესახებ შოთაძემ “მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა.
„რაც შეეხება ბატონი ირაკლი ალასანიას დაკითხვას ე.წ. კაბელების საქმეზე, ამ ეტაპზე სასამართლოში წარიმართა იმ 5 ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც დღეს ბრალდებულის სახით არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუმცა ამ საქმეს წარმოებად გამოეყო სხვა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გამოძიებაში რჩება თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე. ჩვენი მოსაზრება და ჩვენი ტაქტიკა ამ შემთხვევაში არ საჭიროებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეზე ირაკლი ალასანიას მოწმის სახით დაკითხვას“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.