ირაკლი შოთაძე “კაბელების საქმეზე”: კორუფციულ დანაშაულზე პოლიტიკური სარჩულის მიკერება დადებითად არ დასრულდება
მოხელეთა ჯგუფმა 4 მილიონი ლარი გაფლანგა, რაც კორუფციული დანაშაულია და კონკრეტული პარტიის მხრიდან ამ პროცესისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერების მცდელობა დადებითად არ დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ “მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ე.წ. კაბელების საქმეში პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია, მცდარია და სასამართლოში გამოჩნდება მტკიცებულებების არსებობა.
„არის კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს ამ საქმეს მიაკრას პოლიტიკური სარჩული, რაც რა თქმა უნდა, არის უბრალოდ პოლიტიკური მცდელობა და ეს ვერ დაგვირგვინდება დადებითად, ვინაიდან ამ საქმეში არის კონკრეტული კორუფციული დანაშაული. მოხელეთა ჯგუფმა 4 მილიონი ლარი გაფლანგა და გახარჯა არამიზნობრივად, რაც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობდან გამომდინარე საკმაოდ დიდი თანხაა.
იმაზე საუბარი, რომ ე.წ. კაბელების საქმეში არ არის მტკიცებულება, არის უბრალოდ სპეკულაცია და ეს არაფერს არ ეფუძნება. პროკურატურამ სასამართლოში წარმართა 5 ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, შესაბამისად იმის განცხადება, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს, არის არასერიოზული. სასამართლოში გამოჩნდება, ვის აქვს მტკიცებულებები და ვის-არა. ჩვენი პროკურორები ამ სასამართლოსთვის სრულად მზად არიან, საქმე გაჯერებულია საკმაოდ მყარი მტკიცებულებებით“, – განაცხადა შოთაძემ.