საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 15 აპრილს გაიმართება

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა ტექნიკური პრობლემების გამო 15 აპრილისთვის გადაიდო. როგორც პროცესზე მხარეებმა აღნიშნეს, 15 აპრილს წინასასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში გაგრძელდება, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო.
როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განმარტა, ეს უკავშირდება იმას, რომ ხარვეზები იყო დოკუმენტაციის ნუმერაციაში. ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებში, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებთან შეკითხვები ჰქონდა. შეკითხვებზე პასუხის მოსამზადებლად კი პროკურატურას და ადვოკატებს 15-დღიანი ვადა განესაზღვრათ. ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო შუამდგომლობების დაყენება, მათ შორის, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
ბრალდებისა და დაცვის მხარეების წარმომადგენელმა მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დღეს პროცესის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთეს კომენტარები.
როგორც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარეს წარდგენილი 2200-გვერდიან მტკიცებულებებში 2000 გვერდი გადატანილი აქვს ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან. პროკურორის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოახერხონ ადვოკატებმა საკუთარი პოზიციის გამყარება.
პროკურორის ამ შეფასებებზე საპასუხოდ კომენტარი გააკეთა დაცვის მხარის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
“თუკი პროკურატურა ამბობს იმას, რომ დაცვის მხარემ გამოიყენა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარმოიდგინეთ, როგორი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას. ჩვენ მოვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა დავადასტუროთ ბრალდებულების უდანაშაულობა. პირველ რიგში, პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ 182-ე მუხლით, თანხებთან, რომელზეც საუბარია ბრალდებაში, შემხებლობა არ აქვთ. მათ “სილქნეტთან” განხორციელებულ შესყიდვებზე აქვთ ხელი მოწერილი და, საერთოდ, ბრალდებაში არ არის გამოკვეთილი, რომ აღნიშნულ პირებს ანგარება ჰქონდათ გამიზნული. ეს ყველაფერი პროცესების განმავლობაში გამოიკვეთება და დადასტურდება, რომ ბრალდება არის გამოგონილი. ჩვენივე არგუმენტებით გავაბათილებთ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
15 აპრილს, ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11.00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები