ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით სამინისტრომ 400 ათასი ფრანკი გრანტი მიიღო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) შორის, აჭარისა და გურიის რეგიონებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელმძღვანელმა, რუდოლფ შოხმა. მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროსა და SDC შორის თანამშრომლობას სქართველოში კატასტროფების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, ბუნებრივი კატასტროფების რისკეების შემცირება და მათი მართვის გაუმჯობესება, ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის ეფექტური კოორდინირებისა და პრევენციული ღონისძიებების გზით.
მემორანდუმის საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სპეცილისტები გაივლიან სათანადო ტრენინგს საფრთხეებისა და რისკების რუკის შედგენის, ასევე, დანახარჯებისა და სარგებლის მეთოდოლოგიის საკითხებში. სწორედ დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით განისაზღვრება კონკრეტული პრევენციული და ბიოსაინჟინრო ღონისძიებები ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად. პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა 400 000 შვეიცარიული ფრანკია (ეს თანხა წარმოადგენს გრანტს), რომლის ფარგლებშიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო შეისყიდის პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მასალებს, აღჭურვილობასა და მომსახურებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები