ყოფილი პატიმრები, რომლებიც „ყინწვისის საქმის” გამო იხდიდნენ სასჯელს კურორტ „საირმეში“ დაისვენებენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამი ყოფილი პატიმარი რომლებიც ე.წ. „ყინწვისის საქმის“ გამო იხდიდნენ სასჯელს 10 დღის განმავლობაში, კურორტ „საირმეში“ დაისვენებენ. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, აღნიშნული სერვისით პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ის ყოფილი პატიმრები ისარგებლებენ, ვინც ჩართულია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „კურორტი „საირმე“ მხარს უჭერს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას”, რადგან მასში ჩართული ბენეფიციარებისთვის გამაჯანსაღებელი/სარეაბილიტაციო კურსი ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენი ბენეფიციარები სამკურნალო-სარეაბილიტაციო ათდღიან კურსს გაივლიან. ჩაუტარდებათ საჭირო ბაზისური ლაბორატორიული გამოკვლევა, ექიმის დანიშნულებით მიიღებენ სამკურნალო მინერალურ წყლებს და ისარგებლებენ სამკურნალო თერმული აბაზანებით“, განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. წლის განმავლობაში, ჯამში სულ 48 ყოფილი პატიმარი ისარგებლებს ამ სერვისით. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა.