ნიდერლანდების სამეფოში ევროკავშირთან საქართველოს ვიზა- ლიბერალიზაციის საკითხებზე ქართული დელეგაციის ვიზიტი გაიმართა

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით ქართული უწყებათშორისი ჯგუფის ვიზიტი გაიმართა. საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე; საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ნინო ჩაჩავა; შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე; მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდივანი გიორგი ჯაში; და იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძე. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო კომიტეტის წევრებთან, მიხილ სერვაესთან (პარტია PvDA), შურდ შურდსმასთან (პარტია D-66) და ჰარრი ვან ბომელთან (პარტია SP);
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილესთან, საკონსულო და მიგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ალექსანდერ ვან ეესთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ჰოლანდიის სპეციალურ წარმომადგენელთან დირკ იან კოპთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგთან დაკავშირებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.
“ჰოლანდიურ მხარესთან შეხვედრებზე ქართული დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და გატარებული რეფორმების თაობაზე. წარმოდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ცალკეული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საკანონმდებლო ბაზის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, ანტი-დისკრიმინაციული მიმართულებით და მიგრაციის მენეჯმენტის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. ყურადღება გამახვილდა პირადი მონაცემთა დაცვის და საზღვრის გადაკვეთის რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებზე, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრა გამართა ევროჯასტის (Eurosjust) პრეზიდენტთან მიშელ კონინქსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა Eurosjust-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ შეხვედრა გამართა ევროპოლის (Europol) ევროკავშირის და საერთაშორისო სამართლის კორპორაციული მართვის (Corporate Governance) უფროსთან ბარტ დე ბაკთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მ/წლის აპრილში ევროპოლის წარმომადგენლების მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რომლის დროსაც იქნება შეფასებული პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები