პრემიერ – მინისტრის აზრით, ბიზნესზე ზეწოლის თაობაზე განცხადებებს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები აკეთებენ

ბიზნესი დღეს საქართველოში აბსოლუტურად თავისუფლად ოპერირებს. რამდენიმე ათასი ბიზნესსუბიექტი გასულ წელს დარეგისტრირდა. ეს კი საქართველოს მიმართ ბიზნესმენების მხრიდან მაღალი ნდობის მაჩვენებელია. განცხადება ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
„ჩვენთვის არ არის მთავარი პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების განცხადებები ბიზსესზე თითქოს განხორციელებული ზეწოლის თაობაზე. მთავარია წამყვანი საფინანსო სტრუქტურების შეფასებები, რომლის მიხედვით საქართველო ბიზნესის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში 22-ე ქვეყანაა. ყველაფერია გამჭვირვალე და ბიზნესს კანონი იცავს. კანონის უზენაესობისთვის კი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“,- ამბობს პრემიერი.
მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა და გაძლიერება.
„არც ერთი ბიზნესმენი ფულს არ ჩადებს ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. თქვენ კარგად იცით, რომ წინა წლებში ხდებოდა ბიზნესის ჩამორთმევა, მისი გადაფორმება, ჩვენს დროს არც ერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. თუ გაქვთ ასეთი ფაქტები, გთხოვთ, წარმოადგინოთ ისინი. ამასთანავე, კანონის წინაშე არავინ, მათ შორის ბიზნესმენები პრივილეგირებულები არ იქნებიან, თუ კანონს არღვევენ, მაგალითად, გადასახადებს მალავენ, ბუნებრივია, იქ შემოწმებაც და სხვა ღონისძიებები ჩატარდება. დღეს ბიზნესი აბსოლუტურად ხელშეუხებელია“, – ამბობს პრემიერი.
მისი თქმით, თაღლითებს და აფერისტებს სახელმწიფო შესაბამისად მოექცევა. „აშშ-ში და სხვა ქვეყნებში გადასახადის დამალვა ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოსა და ბიზნსემენების ურთიერთობებში არის ბიუროკრატიული ბარიერები და აუცილებელია მათი გამოსწორება. მთავრობა ამაზეც მუშაობს“, – ამბობს ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები