ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის საინტერესო არ არის არც მურმან დუმბაძე და არც ჯემალ ფუტკარაძე
„არ არის ჩემთვის საინტერესო არც მურმან დუმბაძე და არც ჯემალ ფუტკარაძე, მოსახლეობა გასცემს მათ პასუხს მომავალ არჩევნებზე“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარის უზენაეს საბჭოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აჭარაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მეტყველებს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. პრემიერი აჭარაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, ის, რაც აჭარის უზენაეს საბჭოში მოხდა, ჩვეულებრივი მოვლენაა.
„რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე მოვლენებს, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოალიციის დამფუძნებელმა წევრებმა დატოვეს კოალიცია. სამწუხაროა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მათი არჩევანია. არ ვიცი, რის ან ვის ხარჯზე დატოვეს მათ კოალიცია, ჩვენ ისინი გავრიცხეთ პარტიიდან. მე ვთვლი, რომ ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია და განსაკუთრებული არაფერი ხდება.
ადამიანები რჩებიან პარტიაში, ადამიანები მიდიან პარტიიდან, ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ ურჩ და მოღალატე წევრებს, რა თქმა უნდა, არ გავიჩერებთ პარტიაში. თუ ვინმეს შევატყობთ რაიმე მოღალატურ ნიშნებს ან საქციელს, რა თქმა უნდა, სხვებსაც, ადეკვატურ პასუხს გავცემთ.
დანარჩენი, ვფიქრობ, იქ კონტროლის ქვეშ არის სიტუაცია. ვერავინ ვერ გადააყენებს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას და ხალხის მიერ დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნულ მთავრობას, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რომ შეიტანონ დაძაბულობა, წარმოაჩინონ სურათი, თითქოსდა, რაღაც რყევები მიმდინარეობს. ჩვენ კანონით მინიჭებულ ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია იყოს კონტროლის ქვეშ. დანარჩენი ყველაფერი, რაც ხდება შიგნით, პოლიტიკური თამაშებია და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. რაღაც ინციდენტი მოხდა, მაგრამ ოპოზიციას არაფრის თავი არ აქვს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ დემოკრატია არის ქვეყანაში. არ ველოდები აჭარაში ვადამდელ არჩევნებს, ჩემთვის არ არის საინტერესო არც მურმან დუმბაძე და არც ჯემალ ფუტკარაძე. მოსახლეობა გასცემს მათ პასუხს მომავალ არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.