,,რუსეთი ცდილობს, მსოფლიო ცივ ომში დააბრუნოს’’

თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოში 2008 წლის რუსულ აგრესიას შეადარა და პარალელები გაავლო. ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს არის მცდელობა, რომ მთელი მსოფლიო ცივი ომის პოლიტიკაში ჩაებას – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემაში „არჩევანი“ სტუმრობისას აღნიშნა.
„უკრაინაში ვითარება პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ძალიან რთულია. ყველა პროცესმა გაგვახსენა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ის რუსული აგრესია, რომელიც 2008 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ასევე არის მცდელობა, რომ მთელი მსოფლიო ცივ ომში დააბრუნონ. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ცხადად დაუდასტურეს უკრაინელ ხალხს ჩვენი მთავრობის უდიდესი მხარდაჭერა. ვფიქრობ, ჩვენი – ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ამ ძალიან დიდი განსაცდელის დროს, მართლაც, უნდა გამოვლინდეს უკრაინელი ხალხის მიმართ ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერით. დარწმუნებული ვარ, მოვლენები ეტაპობრივად, ნორმალიზებისკენ წავა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ალბათ ყველაზე უპრიანი იქნება დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და საქართველოს ჩვეული ძალისხმევა მრავალმხრივ ფორმატებში. როგორც ირაკლი ალასანიამ გადაცემაში აღნიშნა, ნატოს, აშშ-ის, ევროკავშირის ლიდერები უშუალოდ არიან ჩართული რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში და საქართველოს ამ ეტაპზე ამ მოლაპარაკებებში ჩასართავად არანაირი როლი არ აქვს. ერთადერთი მხარდაჭერის გამოცხადებაა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მთავარია, საქართველომ გააგრძელოს წინდახედული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც, მისივე თქმით, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას გულისხმობს. ირაკლი ალასანიამ ყირიმში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებაც გამოთქვა მოსაზრება: „რაც შეეხება ყირიმს, აქ პოლიტიკური და სამხედრო ვითარება ბევრად უფრო რთულია და, ჩემი აზრით, ამ პროცესის ნორმალიზება მეტ დროს წაიღებს. ახლა ამოცანა არის ის, რომ სამხედრო დაპირისპირება პოლიტიკურმა დიალოგმა ჩაანაცვლოს. ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, დღეს მიდის ბირთვული ქვეყნებისა და უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების დიალოგი, სადაც საქართველომ სწორი პოზიცია უნდა დაიკავოს. ეს პოზიცია უნდა იყოს მტკიცე, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და პარტნიორი ქვეყნის – უკრაინის ხალხის მტკიცე მხარდაჭერისა“, – აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები