ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის უპირველესი ამოცანაა, მოსახლეობისთვის მტკივნეულ პრობლემებს სწრაფად გავუმკლავდეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის უპირველესი ამოცანაა, რომ მოსახლეობისთვის მტკივნეულ პრობლემებს მაქსიმალურად გაუმკლავდეს. როგორც ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, მთავრობის წევრების ძალისხმევა მაქსიმალურად იქნება მიმართული მოსახლეობაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
„ბოლო პერიოდში ძალიან რთული პერიოდია, ზოგადად, რეგიონში. ეს ჩვენს ქვეყანასაც შეეხო, ბუნებრივია, ეკონომიუკური კუთხით. ამიტომ მთავრობის უპირველესი ამოცანაა, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, სწრაფად გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომელიც მოსახლეობისთვის არის მტკივნეული. ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევბა იქნება მიმართული, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოიფხვრას, რათა მოსახლეობამ უმტკივნეულოდ გადაიტანოს ეს სირთულეები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ – მინისტრმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა ლარის კურსის ვარდნის პროცესზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის კურსის ცვალებადობა საგარეო ფაქტორების ზეგავლენით ახსნა.
„სწორედ ის საგარეო ფაქტორების ზეგავლენის შედეგია, რაც ადეკვატურად განვითარდა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. სავალუტო კურსზე რა თქმა უნდა დიდი ზეგავლება მოახდინა მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ. მათ შორის ევროს მიმართაც და აგრეთვე რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურ რთულმა ვითარებამ განაპირობა ის, რომ ჩვენი ვალუტა გაუფასურდა. მაგრამ მინდა გითხრათ , რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. მე, როგორც გითხარით, ეს შეეხო რეგიონის ყველა ქვეყანას. მაგალითისთვის, ჩვენი მეზობელი ქვეყანა, როგორიც არის აზერბაიჯანი, რომელიც ჩვენზე ორჯერ და სამჯერ მეტად უფრო მდიდარი სახელმწიფოა, გეტყვით, რომ დეკემბერში აზერბაიჯანმა დახარჯა 1, 2 მილიარდი აშშ დოლარი , იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი ქვეყნის ვალუტის კურსი, იანვარში მილიარდი დოლარი, თებერვალში კი მოხდა უკვე გაუფასურება. ასეთივე მდგომარეობა სომხეთშიც და მოლდოვაშიც. ჩვენთან ლარის კურსის შესაჩერებლად, 160 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ანალოგიური სიტუაცია ხდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც, სადაც ევროს მიმართაც გამყარდა დოლარი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.