საქართველო ევროპის რეგიონალურ პლატფორმაში გადაყვანის თხოვნით გაეროს მიმართავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ იაპონიის ქ. სენდაიში გამართულ გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციაში. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციაზე განხილული იქნა მსოფლიოს მასშტაბით „ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო პროგრამის“ (2005-2015) იმპლემენტაციის შედეგები. მათივე განმარტებით, საქართველო არის ზემოაღნიშნული საერთაშორისო დონის ჩარჩო – პროგრამის ხელმომწერი და უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს აღნიშნული პროგრამის იმპლემენტაციას.
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელები აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალი „კატასტროფების რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო-ჩარჩო პროგრამის“ შემუშავების პროცესშიც, სადაც წარმოადგენდნენ სახელმწიფო ინტერესებს კატასტროფების რისკის შემცირების კუთხით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ნოდარ ნადირაშვილმა კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე წარმოადგინა 2015 წლის 17-19 თებერვალს, თბილისში გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის მიერ მიღებული განცხადება – კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული მექანიზმების გაძლიერების თაობაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ნოდარ ნადირაშვილმა კონფერენციის ფარგლებში გამართა შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენელთან, ქ-ნ ფლორიკა ფინკ-ჰოოიჯერთან, სადაც განიხილეს უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ასევე გაიმართა შეხვედრები გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების ოფისის დირექტორთან ადამ ბოულოუკოსთან. ქართულმა მხარემ, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული კურსიდან გამომდინარე, საქართველოს ევროპის რეგიონალურ პლატფორმაში გადაყვანის სურვილი გამოთქვა, რაზეც გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების ოფისის დირექტორმა თანხმობა განაცხადა. შეთანხმების თანახმად, უახლოეს მომავალში ქართული მხარე ოფიციალური წერილით მიმართავს გაეროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში. კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენცია 14-18 მარტს იაპონიის ქალაქ სენდაიში გაიმართა.