პოლიტიკოსებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს – ფოტოკოლაჟი
ქართველი პოლიტიკოსები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდნენ და აქციაში მონაწილეობა მიიღეს. კამპანიის ფარგლებში მონაწილეობა უკვე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეუღლესთან ერთად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა.
21 მარტი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.
22 მარტის ჩათვლით იმართება კამპანია: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, რომლის ფარგლებში, მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერ ფოტოკამპანიაში, რომელსაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებენ. მონაწილეობის მისაღებად გადაიღეთ ფოტო სოლიდარობის სიმბოლოს ჭრელი წინდის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები, იგი გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომით მსოფლიოში ყოველი 800 ბავშვიდან ერთი იბადება. დაუნის დამაკნინებელ სიტყვად გამოყენება დისკრიმინაციაა – დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.